სამყაროს შვიდი საოცრება - ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

სამყაროს შვიდი საოცრება


ეგვიპტის პირამიდები ბაბილონის დაკიდული ბაღები არტემიდას ტაძარი ეფესოში ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ჰალიკარნასის მავზოლეუმი როდოსის კოლოსი ალექსანდრიის შუქურა ლექსიკონი

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.

ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.

1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.

391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს, თუმცა, ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაანგრია. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც. VI საუკუნეში აქ მოხდა დიდი მიწისძვრა.

ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა.


© 2007, ავტორი - მარეხი გოგიტიძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz